რა უნდა იცოდნენ ბუღალტრებმა საშემოსავლო შეღავათებზე

ბიზნესქეისები
08 May,2020

რა უნდა იცოდნენ ბუღალტრებმა საშემოსავლო შეღავათებზე

მთავრობის ახალი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით დაწესებული საშემოსავლო შეღავათებიდან გამომინარე, ბუღალტრებს ხელფასების აღრიცხვა ცოტა სხვანაირად მოუწევთ. 

შეღავათით სარგებლობის უფლება აქვს კერძო სექტორში მოღვაწე ყველა ორგანიზაციას. შეღავათები არ ეხება საჯაროს დაწესებულებებს.

 

რა უნდა იცოდნენ ბუღალტრებმა:

  • საწარმოები საშემოსავლო გადასახადს საერთოდ არ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც 750 ლარი ან უფრო ნაკლებია

  • ნაწილობრივ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც მეტია 750 ლარზე და არ აღემატება 1500 ლარს. ამ შემთხვევაში დარიცხულ ხელფასს აკლდება 750 ლარი და დარჩენილი თანხა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით;

    მაგ: თუ საწარმოში დასაქმებული პირის დარიცხული ხელფასი შეადგენს 1000 ლარს, აღნიშნულ თანხას აკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს იხდის მხოლოდ დარჩენილ 250 ლარზე (50 ლარს)
  • სრულად გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელზეც კონკრეტულ თვეში ხელფასი იქნება 1500 ლარზე მეტი - ამ შემთხვევაში საშემოსავლო დეკლარაციის შევსების წესში ცვლილებები არ შედის.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხელფასის 1500 ლარიანი ზღვარი მოქმედებს კონკრეტულ თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე.მაგალითისთვის თუ მაისში დაქირავებულზე გაიცა 1600 ლარი, ამ დაქირავებულზე საწარმო საშემოსავლო გადასახადის შეღავათით ვერ ისარგებლებს, მაგრამ თუ ამავე დაქირავებულზე ივნისში გაიცა 1400 ლარი, ამ შემთხვევაში, ისარგებლებს შეღავათით და ივნისის საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის ნაწილობრივ, კერძოდ 1400 ლარს გამოაკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის 650 ლარზე (130 ლარს);

 

ამასთან, თანამშრომელი ისარგებლებს საშემოსავლო გადასახადში არსებული ყველა იმ შეღავათით, რომელიც აქამდე არსებობდა:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის
  • ომის ვეტერანებისათვის
  • პირებისათვის, რომლებსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება
  • მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირებისათვის
  • პირებისათვის, რომლებმაც იშვილეს ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში)
  • პირებისათვის, რომლებმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისათვის და სხვ.

 

თუ საწარმოში გყავთ ისეთი თანამშრომლები, რომლებზეც ხელფასის გაცემა დროებით შეჩერდა, ან უხელფასო შვებულებაში გაუშვით, ასეთ თანამშრომლებს ეკუთვნით 200 ლარიანი კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ, რომ ეს ეხება მხოლოდ იმ თანამშრომლებს ვისზეც 2020 წლის პირველ სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც გაეცით ხელფასი. ეს ასახულია საგადასახადო დეკლარაციაში და შემოსავლების სამსახურშიცწარმოდგენილი გაქვთინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირზე გაიცა ხელფასი.

იმისთვის რომ ამ ადამიანებმა მიიღონ კომპენსაცია, ყოველი თვის 15 რიცხვამდე https://eservices.rs.ge/ უნდა წარადგინოთ ასეთი თანამშრომლების ერთიანი სია. https://eservices.rs.ge/-ზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ შეხვალთ, განცხადებებში, დაიწყებთ ახალი განცხადების შექმნას, აირჩევთ ჩანართს „სტატუსები/სერტიფიკატები/ცნობები“. შემდეგ მოძებნით ფორმას „ინფორმაცია დაქირავებული პირის შესახებ, რომელსაც აქვს კომპენსაციის მიღების უფლება“. გაგეხსნებათ ფორმა სადაც უნდა მიუთითოთ:

  • დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
  • დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი); დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი)

რა თქმა უნდა, ექსელითაც შეგიძლიათ შეტვირთოთ ერთიანად ეს ინფორმაცია.

ყოველი თვის 20 რიცხვამდე გაქვთ ვადა, რომ დააზუსტოთ სია და შეიტანოთ ცვლილებები. 20 რიცხვში შემოსავლების სამსახური ყველა საწარმოს გაერთიანებულ სიას გადაუგზავნის სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც გასცემს კომპენსაციებს ამ თვის 30 რიცხვამდე.

თუ თქვენი თანამშრომელი სხვა საწარმოშიც მუშაობს, თქვენგან აღარ ერიცხება ხელფასი, შესაბამისად მოხვდა სიაში, მაგრამ სხვა საწარმოსგან იღებს ხელფასს, მაშინ ის კომპენსაციას ვერ მიიღებს.

 

რა ხდება თუ თანამშრომელს ხელფასს ნაღდი ფულით აძლევდით, და არა ბანკის ანგარიშზე ჩარიცხვით?

 

ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან მის საშემოსავლოს მაინც იხდიდით, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია აქვს ამ ადამიანის ხელფასის შესახებ.

 

მთავრობა კომპენსაციებს გასცემს თვითდასაქმებულ პირებზეც.

 

ამისთვის მათ სჭირდებათ გარკვეული დოკუმენტაციის წარდგენა.დოკუმენტაცია მათ თავად უნდა ატვირთონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე თუმცა, ამ დოკუმენტაციის შესაგროვებლად შეიძლება დასჭირდეთ იმ კერძო საწარმოებისთვის მიმართვა, რომლებისგანაც მიიღეს ანაზღაურება 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში.

თვითდასაქმებულები ორ კატეგორიად იყოფიან:

  1. ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში;
  2. ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, შესაბამისად არ ჩანს მათი ეკონომიკური აქტივობა.

პირველ შემთხვევაში თქვენთვის მომართვა არ დასჭირდებათ, რადგან ისედაც ფიქსირდებიან შემოსავლების სამსახურის ბაზაში.

მეორე შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ კერძო კომპანიის ბუღალტერი და წინა სამი თვის განმავლობაში ერთჯერადად შეისყიდეთ მომსახურება ან პროდუქტი კერძო პირისგან ასეთმა პირებმა შეიძლება თხოვნით მოგმართონ, რომ შესაბამის დოკუმენტაცია მიაწოდოთ. მართალია, როგორც წესი ფიზიკურ პირებთან დადებული ყველა შეთანხმება თუ სხვა დოკუმენტი ორ-ორ ეგზემპლარად ფორმდება და პირი თავადაც იღებს მას, თუმცა შეიძლება დაკარგული ან დაზიანებული ჰქონდეს და ამიტომ თქვენ მოგმართოთ.

ასეთი დოკუმენტი შეიძლება იყოს თქვენს მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი. ანუ წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი.

მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ სუვენირების მაღაზია და კერძო პირისგან შეისყიდეთ ნივთები. ან გაქვს საკვები ობიექტი და კერძო პირისგან შეისყიდეთ სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ა.შ.

ასევე, პირებმა შეიძლება მოგმართონ სხვადასხვა ცნობის გაცემის თხოვნით. თუმცა არასაგადასახადო ცნობების გაცემა ბუღალტრის კომპეტენციას ცდება, და უფრო საწარმოს ადმინისტრაციის საქმეა.