750 ლარიანი შეღავათი - როგორ უნდა აღვრიცხოთ საშემოსავლო შეღავათები?

ბუღალტერია მარტივად
05 ივნისი,2020

750 ლარიანი შეღავათი - როგორ უნდა აღვრიცხოთ საშემოსავლო შეღავათები?

15 რიცხვი ახლოვდება, შესაბამისად დეკლარაციების ჩაბარების დროც მოდის. პანდემიის შედეგად დადგენილი საშემოსავლო შეღავათების გათვალისწინებით კი ამ თვიდან საშემოსავლო დეკლარაციები განახლებული სახით უნდა აიტვირთოს.

 

შეღავათებზე ალბათ უკვე ყველას გვსმენია: იმ კერძო კომპანიების თანამშრომლებს, რომელთა დარიცხული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს, მაქსიმუმ 150 ლარიანი შეღავათი ეკუთვნით.

მაგალითად, თუ თანამშრომლის დარიცხული ხელფასია 1000 ლარი, თანხები შემდეგნაირად განაწილდება:

  • დარიცხული ხელფასი: 1000 ლარი
  • საპენსიო ანარიცხი: 2%, ანუ 20 ლარი (თანამშრომლის მიერ გადასახდელი წილი)
  • საშემოსავლო გადასახადი: 196 ლარი (980 ლარიდან)
  • საშემოსავლოს ახალი შეღავათი: 150 ლარი
  • ბიუჯეტში გადასახდელი თანხა: 46 ლარი (196-150)

იმ შემთხვევაში თუ თანამშრომელს 765.31 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი, შეღავათი შესაბამისად 150-ლარზე ნაკლები იქნება.

შეღავათები გათვალისწინებულია მაისიდან - ოქტომბრის ჩათვლით გადახდილ ხელფასებზე. საშემოსავლო სამსახურის განმარტებით, თანამშრომელს სრულად უნდა დაერიცხოს საშემოსავლო გადასახადი, თუმცა შეღავათის თანხას კომპანიები აღარ გადაიხდიან ბიუჯეტში, რაც წარმოადგენს მათ შემოსავალს. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი მაგალითი რომ გავაგრძელოთ: დარიცხული 1000 ლარიდან, კომპანიის მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი იქნება 46 ლარი, 150 ლარს კი აიღებს შემოსავალში.

 

ბუღალტრული გატარებები ასეთია:

დ7410კ3130 1000 ლარი (ხელფასის დარიცხვა)

დ7411 - კ3180 20 ლარი (კომპანიის წილი საპენსიოს დარიცხვა)

დ3130 - კ3180 20 ლარი (თანამშრომლის წილი საპენსიოს გამოყოფა)

დ3130 - კ3320 196 ლარი (საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა)

დ3130 - კ1210 784 ლარი (ხელფასის გადარიცხვა)

დ3320 - კ9110 150 ლარი (შეღავათის თანხის შემოსავლად აღიარება)

დ3320 - კ1210 46 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ბიუჯეტში გადახდა)

დ3180 - კ1210 40 ლარი (საპენსიო შენატანის გადახდა)

 

შეღავათებიდან გამომდინარე ცვლილება შედის საშემოსავლო დეკლარაციის ფორმაშიც. დანართ „ა“-ში დაემატება კიდევ ერთი სვეტი „შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი“ სადაც სწორედ ეს თანხები უნდა შევიყვანოთ.

 

აქვე გეტყვით, რომ იანვარში, როდესაც საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილებები ძალაში შევიდა, ბალანსში განახლებული დანართი „ა“ უკვე გვქონდა. ამჯერადაც, ახალი სვეტი უკვე 11 ივნისიდან ხელმისაწვდომი გახდება ბალანსის მომხმარებლებისთვის. პროგრამაში საშემოსავლოს შეღავათი ავტომატურად დაანგარიშდება და ჩაჯდება დანართი „ა“-ს ახალ სვეტში. ბუღალტერს მხოლოდ ისღა დარჩენია დაგროვილი თანხა ერთიანად გაატაროს შემოსავლის ანგარიშზე.

 

ბალანსის დემო ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს საიტზე 💙