ბუღალტერია - როგორ დაიწყო ყველაფერი

ბუღალტერია მარტივად
18 ოქტომბერი,2019

ბუღალტერია - როგორ დაიწყო ყველაფერი

    დაახლოებით 7000 წლის წინ მესეპოტამიაში, ბაბილონსა და შუმერებში ადამიანებმა ხარჯების, გაყიდული საქონლისა და შემოსავლის თავისებურად „ჩანიშვნა“ დაიწყეს. ამ ჩანიშვნისთვის ისინი იყენებდნენ თიხას და სპილენძის ფორმებს (მონეტებს). სხვადასხვა ზომისა და ფორმის მონეტები გამოხატავდა რაოდენობას, ხოლო თიხა იყო ე.წ. პლანშეტი, რაზეც ამ მონეტებით ნიშნებს ხატავდნენ - თითქოს ბეჭდავდნენ.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს არის ბუღალტრული აღრიცხვის პირველი ნიშნები ჩვენს ცივილიზაციაში.
ქრისტესშობამდე IV - III ათასწლეულში ძველ ირანშიც დაიწყეს ბუღალტრული აღრიცხვა. ირანელ მეფეებს და მღვდლებს ჰყავდათ სპეციალურად დაქირავებული ადამიანები, რომლებიც მათ ფინანსებს აკონტროლებდნენ. ირანის ტერიტორიაზე მსგავსი ნივთები - თიხის ფირფიტები და მონეტები, მოსავლის შესანახ შენობებშია აღმოჩენილი, როგორც ჩანს მოსავალსაც აღრიცხავდნენ.


ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 ათასწლეულში ვაჭრობის გავრცელებამ და გაფართოებამ გამოიწვია ბუღალტრის როლის გაძლიერებაც. ფინიკიელებმა სპეციალურად ბუღალტრული აღრიცხვისთვის ფონეტიკური ანბანიც კი გამოიგონეს.


ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში კი, ეგვიპტელებს და ბაბილონელებს უკვე ჰქონდათ შემუშავებული აუდიტის სისტემა, რომლითაც საწყობებში შემოსავალსა და გასავალს აკონტროლებდნენ. თავდაპირველად აუდიტორები ზეპირსიტყვიერად აჯამებდნენ სიტუაციას - ასე რომ ვთქვათ, ზეპირი რეპორტინგი ჰქონდათ, თუმცა შემდეგ წერილობითი ფორმითაც მოუწიათ.
უკვე ჩვ.წ. პირველ საუკუნეში, რომის იმპერიაში იმპერატორ ავგუსტუსის დროს, რომის მთავრობა აწარმოებდა ოფიციალურ დოკუმენტს - "The Deeds of the Divine Augustus", რომელშიც ეწერა მთავრობის მიერ სხვადასხვა საქმიანობაზე გახარჯული თანხები. დიდად ახლანდელ ბიუჯეტსა და ანგარიშთა გეგმა არ ჰგავს, თუმცა იქაც იყო - მოქალაქეებზე გაცემული დახმარება, არმიის ვეტერანებისათვის გადახდილი თანხები, ტაძრების მშენებლობებზე, რელიგიურ და თეატრალურ აქტივობებზე და გლადიატორების წარმოდგენებზე დახარჯული ფული. მსგავსი ბუღალტრული აღრიცხვა, იმპერატორს ბიუჯეტის სამომავლო დაგეგმვაში სჭირდებოდა.


იმპერატორმა ავგუსტუსმა მოამზადა პირველი „ანგარიშგებაც“ – rationarium, რომელშიც სამთავრობო ხარჯებთან ერთად გაწერილი იყო, პროვინციების ვალდებულებები რომისადმი და ნაღდი ფულის ოდენობა საცავში.
ჰერონინოსის არქივში კი ინახება ძველ ეგვიპტური არა მხოლოდ მთავრობის, არამედ უკვე კერძო მესაკუთრეების ანგარიშგებებიც, რომლებიც დაახლოებით მე-3 საუკუნეშია შექმნილი.


მოკლედ, ასე გადმოვედით ჩვენს წელთაღრიცხვაში 🖐


დაახლოებით მე-10 საუკუნეში კორეელებმა ბუღალტრული აღრიცხვის ორმაგი გატარების პრინციპის მსგავსი მეთოდი შეიმუშავეს.


მე-10-11 საუკუნეებში კორეელებისგან სრულიად დამოუკიდებლად ორმაგი გატარების პრინციპი ებრაელებმაც გამოიგონეს - უფრო ზუსტად, ებრაელმა ბანკირებმა, რომლებიც ეგვიპტეში, ძველ კაიროში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ, როგორც ჩანს ეგვიპტელებისგან ნასწავლი ბუღალტერია დაუხვეწავთ. სწორედ ამ ებრაელი ბანკირების ჩანაწერების გამოყენებით დაიწყეს ევროპელებმაც ბუღალტერიის გავრცობა და ცალკეულ დარგად ქცევა.


მე-13 საუკუნისთვის, როდესაც ევროპამ მონეტარულ ეკონომიკაზე გადასვლა დაიწყო, ვაჭრები უკვე სრულად გახდნენ დამოკიდებულნი ბუღალტრებზე. არადა ყავის გამოგონებამდე ჯერ კიდევ 3 საუკუნე იყო დარჩენილი. კალკულატორზე, კონდენციონერზე და საბუღალტრო პროგრამაზე რომ არაფერი ვთქვათ...


ის პერიოდია ორმაგი გატარების პრინციპი რომ ყალიბდება. ყველაზე ძველი ჩანაწერები, სადაც ეს პრინციპი ჩვენთვის ნაცნობი სახით არის აღწერილი, ევროპელ ვაჭარს - ამატინო მანუჩის ეკუთვნის. მანუჩი ფლორენციული საფინანსო ფირმის „Giovannino Farolfi & Company“-ის პარტნიორი იყო. ვარაუდობენ, რომ მანუჩის ჩანაწერებში აღწერილი ორმაგი გატარების პრინციპი მე-14 საუკუნეში სწორედ ამ კომპანიამ შექმნა მედიჩების ბანკისთვის, რომელიც მათი კლიენტი ყოფილა.


ჩვენთვის ყველასთვის, კარგად ნაცნობი ლუკა პაჩიოლი კი პირველი იყო, ვინც ბუღალტერიის პრინციპები არა მხოლოდ საკუთარ ჩანაწერებში, არამედ მათემატიკურ ნაშრომში ასახა. ეს იყო სახელმძღვანელო ბუღალტერიის შესწავლისთვის, ასევე გამოიგონა ბუღალტრული ჟურნალიც. ამის გამო პაჩიოლის „ბუღალტერიის მამასაც“ კი ეძახიან.

 

ორი სიტყვა ლუკას შესახებ:

 

ის 1445 წელს ქალაქ ტოსკანაში დაიბადა. სახელგანთქმული ნაშრომი - „Summa de Arithmetica, Geometria, Proportioni et Proportionalita“ 1494 წელს შექმნა, რომელიც ბუღალტერიის შესახებ 27 გვერდიან ტრაქტატს* მოიცავს. ეს ნაშრომი გუტენბერგის ასევე სახელგანთქმული გამოგონების - პირველი საბეჭდი მანქანის საშუალებით გამოიცა. 27 გვერდიან ტრაქტატში აღწერილია ბუღალტრული ჟურნალისა და წიგნის გამოყენება, აქტივებისა და დებიტორული დავალიანების აღრიცხვა, მარაგები, ვალდებულებები, კაპიტალი, შემოსავალ-ხარჯები, დანაკარგები და თუ როგორ უნდა „დაისვას ბალანსი“.

 

ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ ლუკა მილანში, სამეფო კარის მათემატიკის მასწავლებლად მიიწვიეს. მისი ერთ-ერთი მოსწავლე კი ლეონარდო და ვინჩი გახდა. და ვინჩი და პაჩიოლი დამეგობრდნენ, გზას არ გაუდგნენ, მაგრამ ერთმანეთს ნაშრომებს უზიარებდნენ - ლუკა მათემატიკას ასწავლიდა, და ვინჩი - პროპორციას. მოკლედ, ლუკა პაჩიოლის სახელმძვანელოთი შემდგომ საუკუნეებში თაობები გაიზარდნენ.

 

პირველი, პროფესიული ორგანიზაციები ბუღალტრებისთვის 1854 წელს შეიქმნა შოტლანდიაში - ედინბურგის ბუღალტრების საზოგადოება და გლაზგოს ბუღალტერიის ინსტიტუტი, მათ წევრებს კი უკვე თამამად შეეძლოთ ეთქვათ, რომ დიპლომიანი ბუღალტრები იყვნენ 😊

 

მე-19 საუკუნეში ბუღალტერია გაკომპიუტერიზდა.

 

1880 წელს ამერიკელმა უილიამ ბოროუსმა კალკულატორი გამოიგონა. მართალია საბუღალტრო პროგრამის ფუნქციებს ვერ ასრულებდა, რადგან მეხსიერება არ ჰქონდა, თუმცა ბუღალტრებს საქმე ძალიან გაუადვილა.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს, კომპანია IBM-მა შექმნა პირველი კომპიუტერი, რომელიც საბრძოლო მონაცემებს ინახავდა. ომის დასრულების შემდეგ კი კომპანიამ მეორე კომპიუტერიც შექმნა - UNIVAC, რომელსაც უკვე სხვა მონაცემების შენახვა და დამუშავება შეეძლო.

 

1955 წელს ამ კომპიუტერის გამოყენებით კომპანია “General electronics”-მა მოამზადა თანამშრომლების ხელფასების ანგარიშგება - ესეც პირველი ავტომატიზებული ბუღალტერია, თუ არ ჩავთვლით რომ 40 საათი დასჭირდათ.

 

მე-20 საუკუნის ბოლოდან ბაზარზე უკვე სპეციალუზებული ბურალტრული პროგრამები გამოჩნდნენ, ხოლო 2006 წელს შეიქმნა ქლაუდ ტექნოლოგია და პროგრამირება ახალ საფეხურზე აიყვანა.

 

მოკლედ თუ გრძლად, ასეთი იყო ბუღალტერია საუკუნეების მანძილზე. თიხის ბურთულებიდან, ღრუბლოვან სერვერებამდე. ერთი მთვარეზე არ დაუდგამთ ბუღალტრებს ფეხი, თორემ საუკუნეების განმავლობაში არაერთი ინოვაცია შემატეს კაცობრიობას. By the way... ნილ ამსტრონგის მამა აუდიტორი ყოფილა.

 

ჭირი ჩამოვწეროთ,
ქატო და ფქვილი თექვსმეტებზე,
ლხინს შემოსავალში ავიღებთ...