დღგ-ის რეფორმა

საგადასახადო სიახლეები
12 თებერვალი,2021

დღგ-ის რეფორმა

2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა დღგ-სთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც საგადასახადო კოდექსში გასული წლის ივლისში შევიდა.
BDO-ს გუნდმა დაამუშავა ახალი რეფორმა და გადავწყვიტეთ ჩვენს ბლოგშიც გაგვეზიარებინა ეს ინფორმაცია💙

 

მაშ ასე,

 

დამატებითი ღირებულების გადასახადის რეფორმა

 

სრულიად ახალი ფორმულირებით ჩამოყალიბდა საგადასახადო კოდექსის დღგ-­ის მარეგულირებელი დებულებები.ცვლილებებიდან ხაზგასასმელია შემდეგი ჩანაწერები:

 

ეკონომიკური საქმიანობა დღგ-ის მიზნებისთვის

 

  • სამეწარმეო საქმიანობა
  • საქონლის მიწოდების/მომსახურების გამწევი პირების საქმიანობა
  • ქონების გამოყენება, რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით, ხოლო ერთჯერადი, არარეგულარული ხასიათის ოპერაციები (გარდა, არასაცხოვრებელი დანიშნულების ქონების მიწოდებისა) არ დაიბეგრება დღგ­-ით.

ჩვეულებრივ, ეკონომიკურ საქმიანობად, არ განიხილება საჯარო დაწესებულებების საქმიანობა, სახელმწიფოს მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. თუმცა, გამონაკლისია საქმიანობების ის სახეები, რომლის  განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოს საქმიანობა განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად. კონკურენციის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს მთავრობას ექნება უფლება დამატებით განსაზღვროს ისეთი საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელება ჩაითვლება ეკონომიკურ საქმიანობად.

 

დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები

 

ამიერიდან, დასაბეგრი ოპერაცია განიმარტება, როგორც დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, აგრეთვე საქონლის იმპორტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღგ-­ით დასაბეგრ ოპერაციად აღარ განიხილება აქტივების (მათ შორის, მომსახურების) მიწოდება საწარმოს მიერ ყველა აქტივის მიწოდებისას, რეორგანიზაციისას ან კაპიტალში შეტანისას. ამასთან, საქონლის დროებითი შემოტანაც აღარ განიხილება დასაბეგრ ოპერაციად.

 

უსასყიდლო მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა

 

ახალი რეფორმის შესაბამისად საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება დღგ-ით დაიბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის პირს ამ ხარჯზე დღგ- სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ხოლო, მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა დაიბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა არ გამომდინარეობს გადამხდელის საქმიანობის მიზნიდან ან გაწეულია თანამშრომლის პირადი სარგებლობისთვის. 

 

ამასთან, დღგ-­ით დასაბეგრი ოპერაციად განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, იმ შემთხვევაში თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ- სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.

 

საქონლის გადაცემა/გამოყენება, ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით არ დაიბეგრება დღგ­-ით. მცირე ღირებულების საჩუქარიარის საქონელი ან მომსახურება, რომლის გაიცემა უსასყიდლოდ და რომლის ღირებულება, დღგ-­ის გარეშე, ერთ ფიზიკურ პირზე არ აღემატება კალენდარული წლის განმავლობაში 50 ლარს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ღირებულების საჩუქრად არ განიხილება სარეკლამო და წარმომადგენლობითი ხარჯი. საქონლის უსასყიდლო მიწოდება დღგ­-ით საბაზრო  ფასის ნაცვლად დაიბეგრება საქონლის თვითღირებულებიდან.

 

საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობების შექმნისა და ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯის დღგ-ით დაბეგვრა

 

რაც შეეხება ძირითად საშუალებებს, ახალი რეფორმით საკუთარი შენობა-ნაგებობის წარმოება ან ძირითადი საშუალების რემონტი დაიბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი ვერ მიიღებდა დღგ­-ის ჩათვლას ამ საქონლის/მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში.

 

მიღებული ავანსის დღგ-ით დაბეგვრა

 

მიღებული ავანსის დაბეგვრა გავრცელდება უწყვეტ და რეგულარული ტიპის მომსახურებებზეც, გარდა კავშირგაბმულობისა და სატელეკომუნიკაციო მომსახურებისა. მიღებული ავანსის დღგ-ით დაბეგვრა არ ვრცელდება ელექტროენერგია, გაზი, წყალი და სხვა მსგავსი საქონლის მიწოდების შემთხვევებისა.

 

ლიზინგის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა

 

ცვლილებების თანახმად, ლიზინგით განსაზღვრული ვადით ან საქონლის განვადების პირობით მიწოდებისას დღგ­-ის მიზნებისთვის საქონლის მიწოდებად განიხილება საქონლის ფაქტობრივი გადაცემა. შესაბამისად, ლიზინგის ოპერაცია საქონლის ფაქტობრივად გადაცემის მომენტში დაიბეგრება დღგ­-ით. ამასთან, სალიზინგო მომსახურების დარიცხული სარგებელი არ დაიბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით. ეს ცვლილება ძალაში შევა 2022 წლის 1 იანვრიდან.

 

ცალკეული საქონლის მიწოდების დაბეგვრის სპეციალური სქემა

 

ცვლილების თანახმად იქმნება შესაძლებლობა მეორადი ნივთის, ხელოვნების ნიმუშის, საკოლექციო ან ანტიკვარული ნივთის მიწოდება დაიბეგროს მოგების მარჟის მიხედვით. ამ ცვლილებიდან გამომდინარე გაჩნდა ახალი ტერმინი დასაბეგრი დილერი, რომელიც ასე განიმარტება: ნებისმიერი დასაბეგრი პირი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ყიდულობს ან საკუთარი ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებს მეორად ნივთს, ხელოვნების ნიმუშს, საკოლექციო ნივთს ან ანტიკვარიატს ან ახორციელებს ამ საქონლის იმპორტს, მიუხედავად იმისა, მოქმედებს იგი საკუთარი თუ სხვა პირის სახელით, მასთან ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით საკომისიოს გადახდა ხორციელდება საქონლის შეძენისას ან გაყიდვისას.

 

დასაბეგრი დილერის საქონლის მიწოდების შედეგად დღგ-­ით დასაბეგრი თანხის გადახდა მოხდება დასაბეგრი დილერის მიერ მიღებული მოგების მარჟის ოდენობის გათვალისწინებით, ხოლო მოგების მარჟა განისაზღვრება, როგორც სხვაობა საქონლის მიწოდების ფასსა და მის შესყიდვის ფასს შორის. დასაბეგრი თანხა მიიღება დასაბეგრი დილერის მიერ მიღებული მოგების მარჟის ოდენობის 1.18-­ზე გაყოფის შედეგად.

 

მომსახურების გაწევის ადგილი დღგ-ის მიზნებისთვის:

 

ცვლილებების თანახმად მომსახურების გაწევის ადგილის განსაზღვრისათვის ამოქმედა შემდეგი ორი ძირითადი პრინციპი:

 

  • ბიზნესის (დასაბეგრი პირის) მიერ ბიზნესისათვის (დასაბეგრი პირისათვის) (B2B) მომსახურების გაწევის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება მომსახურების შემძენის დაფუძნების ადგილი;
  • ბიზნესის (დასაბეგრი პირის) მიერ მომხმარებლისათვის (არადასაბეგრი პირისათვის) (B2C) ­მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მიმწოდებელი არის დაფუძნებული.

 

აღნიშნული ზოგადი პრინციპისგან განსხვავებით, ცალკეული მომსახურებებისთვის დადგინდა დაბეგვრის ადგილის განსაზღვრის სპეციალური წესებიც.

 

ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები

 

სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად დაბეგვრისგან თავისუფლდება მასთან უშუალოდ დაკავშირებული და დამხმარე მომსახურების/საქონლის მიწოდება. გარდა ამისა, დაზღვევასთან ან/და გადაზღვევასთან ერთად არ დაიბეგრება თანმდევი მომსახურებები, რომელსაც ახორციელებენ სადაზღვევო ბროკერები ან/და სადაზღვევო აგენტები.

 

დაზუსტდა სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროში არსებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების არეალი. მათ შორის დაბეგვრისგან თავისუფლდება:

 

  • რელიგიური ორგანიზაციის მიერ პერსონალით უზრუნველყოფის მომსახურება, მათ შორის, სამედიცინო ან საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით;
  • მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება ორგანიზაციის მიერ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ცალკეული სოციალური ხასიათის საქმიანობისათვის სახსრების მოზიდვის მიზნით;
  • იმ საქონლის მიწოდება, რომელიც გამოყენებულია მხოლოდ სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტის და სოციალურ სფეროში არსებულ  გათავისუფლებულ ოპერაციებში, თუ აღნიშნულ საქონელზე არ წარმოშობილა დღგ-­ის ჩათვლის უფლება.

 

ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები

 

დღგ-­ისგან ჩათვლის უფლებით ასევე თავისუფლდება:

 

  • საქართველოში წარმოებული სამედიცინო/სამკურნალო დანიშნულების საქონელი, რომლის ნუსხა განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
  • მომსახურების გაწევა სხვა პირის სახელით მოქმედი შუამავლის მიერ, საქონლის საერთაშორისო ტრანსპორტირების ან საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობის შემთხვევაში.

 

გაფართოვდა და დაზუსტდა საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დღგ­ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები, მათ შორის, დაბეგვრისგან თავისუფლდება:

 

  • საქონლის მიწოდება ღია ზღვაში ან მგზავრების ფასიანი გადაყვანისთვის ან კომერციული, საწარმოო ან თევზჭერის საქმიანობებისთვის ან სამაშველო ან ზღვაში დახმარების ოპერაციებისთვის და სხვა;
  • საზღვაო და საჰაერო ხომალდის მიწოდება, გადაკეთება, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება, ფრახტი ან იჯარა, და ასეთ ხომალდზე დამონტაჟებული ან გამოყენებული მოწყობილობის მიწოდება, იჯარა, შეკეთება ან ტექნიკური მომსახურება.

დღგ-ის ჩასათვლელი თანხის პროპორციის გაანგარიშება

 

 

ახალი რეფორმით, ჩასათვლელი პროპორციული წილის გამოთვლისას აღარ გაითვალისწინება ბრუნვის თანხა, რომელიც უკავშირდება დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი საქმიანობისთვის გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებას, უძრავ ნივთთან დაკავშირებულ ან ფინანსურ ოპერაციებს, თუ ეს ოპერაციები დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობა არ არის.

 

ამასთან, გაუმიჯნავ ოპერაციებთან დაკავშირებით, ყოველთვიურად ჩათვლა ხდება წინა წლის მთლიან ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე ბრუნვების ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელიც ზუსტდება ყოველი წლის დეკემბრის დეკლარაციით მიმდინარე წლიური მაჩვენებლის მიხედვით.

კანონმდებლობასთან დაკავშირებული სერვისისთვის შეგიძლიათ მიმართოთ BDO-ს საგადასახადო მომსახურების მიმართულებას. ასევე, BDO Academy-ში შეგიძლიათ დაესწროთ კურსს - "საგადასახადო კოდექსი", სადაც სიახლეებთან ერთად შეძლებთ სრულიად კოდექსის შესწავლას 💙