მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოების ანგარიშგება პროგრამა ბალანსში

ბუღალტერია მარტივად
22 აგვისტო,2019

მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოების ანგარიშგება პროგრამა ბალანსში

ალბათ უკვე იცით, რომ ამ წლის არაუგვიანეს 1-ლი ოქტომბრისათვის მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებმა შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებები უნდა წარადგინონ.

 

იმისათვის, რომ ბუღალტრებისთვის შეგვემსუბუქებინა საქმე და მაქსიმალურად გაგვემარტივებინა ანგარიშგებების მომზადება, პროგრამა ბალანსში მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებისათვის ანგარიშგების მზა მოდელების ჩადება გადავწვიტეთ, მე-4 კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებების მოდელები უკვე მზადაა, 24 სექტემბრიდან დასრულებული იქნება მე-3 კატეგორიაც:

 

 

  • შემოსავლების, ხარჯებისა და გაუნაწილებელი მოგების
  • ფულადი ნაკადების
  • და ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

საწარმოებს ზომითი კატეგორიების განსაზღვრას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის კანონი 2016 წლიდან ავალდებულებს.

 

მესამე კატეგორიის საწარმო არის სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მოცემული სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორს აკმაყოფილებს:


ა) აქტივების ჯამური ღირებულება არ აღემატება 10 მილიონ ლარს;
ბ) შემოსავალი არ აღემატება 20 მილიონ ლარს;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აღემატება 50-ს.
  ამ დეფინიციაში შეიძლება მოხვდეს ინდივიდუალური მეწარმეც.

 

ხოლო მეოთხე კატეგორიის საწარმო საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს;
ბ) შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 2 მილიონ ლარს;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა, კი არ უნდა აღემატებოდეს 10-ს.

 

მეოთხე კატეგორიაში არ შეიძლება ჩაითვალოს ინდივიდუალური მეწარმე: კანონის მიხედვით ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა სავალდებულოა სუბიექტებისათვის, ხოლო ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ იგი არის 1-ლი, მე-2 ან მე-3 კატეგორიის წარმომადგენელი.

 

კომპანიის კატეგორიის განსაზღვრა შეგიძლიათ მარტივად ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საიტზეც

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მესამე კატეგორიის საწარმო ვალდებულია ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგება აწარმოოს მსს ფასს (IFRS for SMEs) სტანდარტის მიხედვით, თუმცა მას უფლება აქვს აღრიცხვა და ანგარიშგება აწარმოოს ფასს (IFRS) სტანდარტების მიხედვითაც. მე-3 კატეგორიის საწარმოებისათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი არ არის სავალდებულო, ასევე ნებაყოფლობითია გადასახადებისა და მმართველობითი ანგარიშგებების წარდგენა. ფასს და მსს ფასს სტანდარტები ქართულ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ IFRS-ის ოფიციალურ საიტზე

რაც შეეხება, მეოთხე კატეგორიის საწარმოებს, უნდა ისარგებლონ მათთვის დადგენილი ახალი გამარტივებული სტანდარტით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საწარმო უკვე იყენებს IFRS და IFRS for SMEs სტანდარტებს.

 

მეოთხე კატეგორიის კომპანიებისთვის შემუშავებული სტანდარტი მოიცავს 19 განყოფილებას:

1) მოქმედების სფერო

2) დაშვებები და ძირითადი პრინციპები

3) ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა

4) სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები

5) ფინანსური ინსტრუმენტები

6) მარაგები

7) გრძელვადიანი აქტივები

8) ბიოლოგიური აქტივები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში

9) არაფინანსური აქტივების გაუფასურება

10) იჯარა

11) ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები

12) საკუთარ კაპიტალთან დაკავშირებული ოპერაციები მესაკუთრეებთან

13) ამონაგები მომხმარებლებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებიდან

14) სახელმწიფო გრანტები

15) დასაქმებულ პირთა გასამრჯელოები.

16) მოგების გადასახადი

17) უცხოური ვალუტა

18) საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები

19) წინამდებარე სტანდარტზე გადასვლა

კომპანიები ვალდებულნი არიან წარადგინონ ანგარიშგებების სრული პაკეტი: ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება, შესაბამის განმარტებითი შენიშვნებით და შემოსავლების, ხარჯებისა და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება. ფულადი ნაკადების ანგარიშგების წარდგენა კანონით სავალდებულო არ არის. ასევე, ნებაყოფლობითია მმართველობითი და გადასახადების ანგარიშგებების გამოქვეყნება და ფინანსური ანგარიშგებების აუდიტი.

მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ანგარიშგების სტანდარტი სრულად შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე

 

სექტემბერში ბალანსში მომხარებლებს დახვდებათ მზა ანგარიშგებები სტანდარტული აწყობებითა და ფორმულებით. იმ შემთხვევაში, თუ მთელი წლის მანძილზე ბუღალტერია სწორია, ბალანსის უკვე მზა ანგარიშგებების ფორმაში მხოლოდ ციფრების გადატანა იქნება საჭირო.

 

მაგალითად კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას საწარმოებმა თავად აიჩიონ ცვეთის მეთოდი. თუმცა სწორად უნდა განისაზღვროს ამორტიზაციის დარიცხვის მეთოდი, სასარგებლო გამოყენების ვადა და ნარჩენი ღირებულება. ბუღალტრის კომპეტენციაა, რომ სწორად განსაზღვროს ცალკეული დეტალები:

 

ვთქვათ, საწარმომ 2017 წლის 15 იანვარს შეიძინა დანადგარი, რომლის გამოყენებამდეც საჭიროა ტექნიკოსის მიერ მისი მონტაჟი და ტესტირება. ტესტირება პირველ აპრილს დასრულდა, ხოლო 1 ივლისის საწარმომ დაიწყო დანადგარის გამოყენება.

 

ამ შემთხვევაში საწარმომ დანადგარზე ცვეთის დარიცხვა უნდა დაიწყოს პირველი აპრილიდან, როდესაც დანადგარი პირველად გახდა ხელმისაწვდომი ექსპლუატაციისთვის, ანუ როდესაც დასრულდა მონტაჟი და აუცილებელი ტესტირება და არა მაშინ, როდესაც საწარმომ რეალურად დაიწყო მისი გამოყენება.

 

თუ პროგრამაში მსგავსი დეტალები სწორად არის ასახული და საბოლოო ჯამში, მთელი წლის ბუღალტერიაც სწორია, ბალანსში 1-ლი ოქტომბრისთვის მზად გექნებათ მე-3 და მე-4 კატეგორიის შესაბამისი ანგარიშგებები, შეიყვანთ უბრალოდ სწორ ციფრებს და მიიღებთ მზა დეკლარაციას.

 

პლუს ამას, ბალანსის ანგარიშგებების მოდელი ითვალისწინებს ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული მაკორექტირებელი გატარებების იდენტიფიცირებასაც. თუ ფინანსური ანგარიშგებების წარდგენამდე აუდიტის რეკომენდაციით ან სხვა გარემოებების გამო, მაკორექტირებელი გატარებები გაკეთდა, პროგრამაში ბრუნვით უწყისსა და სხვა ბუღალტრულ ანგარიშგებებში შესაძლებელი იქნება ამ გატარებების იდენტიფიცირება და ცალკე ნახვა. ეს ფუნქციონალი საშუალებას მოგცემთ, გატარებები რომლებიც არასწორად არის შესრულებული, დააკორექტიროთ და თავიდან გამოიტანოთ ანგარიშგებებში.   

 

მოკლედ დატვირთული სექტემბრისთვის მზად ვართ 💙

 

მეოთხე კატეგორიების საწარმოებისათვის ანგარიშგების შესახებ ვრცელი ვებინარი შეგიძლიათ ნახოთ BDO აკადემიის youtube არხზე. 

BDO აკადემიაში შეგიძლიათ გაიაროთ სრული ტრენიგიც - ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი IV კატეგორიის საწარმოებისთვის და IFRS for SMEs სტანდარტი.

 

ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფარგლებში მომზადებულ თვითსაწვლების მასალებს.