ცვლილებები საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში

საგადასახადო სიახლეები
11 თებერვალი,2020

ცვლილებები საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში

2020 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის განახლებულ ფორმატს გულისხმობს. გადასახადის გადამხდელებმა 2020 წლის იანვრის დეკლარაცია 15 თებერვლამდე ამ განახლებული წესის მიხედვით უნდა შეავსონ. 

დეკლარაციაში რამდენიმე ცვლილება შევიდა და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ცვლილება, რომელიც საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის დანართი „ა“-ს შეეხო. უფრო ზუსტად. გაუქმდა ყოველთვიურად წარსადგენი ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ. ამის სანაცვლოდ იგივე ინფორმაციის წარდგენა მოხდება დანართი „ა“-ს განახლებული ფორმატში.

ასევე, დანართ „ა“ -ში მოცემული შემოსავლის მიმღებ პირთა კატეგორიის ჩამონათვალი გაიზარდა და ცალკე გამოიყო რიგი კატეგორიის განაცემები, რომელთა მითითებაც ადრე ხდებოდა სხვა განაცემებთან ერთად.

 

ეს კატეგორიებია:

  • ფიზიკური პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი;
  • იურიდიული პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი;
  • საწარმოს, ორგანიზაციის  მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი;
  • მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი;

 

ამასთან, გაუქმდა დეკლარაციის „ბ“ და „გ“ დანართები რომლებიც ეხებოდა 2008 წლის 1 იანვრამდე გაცემული თანხების დაბეგვრას საშემოსავლო და სოციალური გადასახადების მიხედვით. სანაცვლოდ, ამ ინფორმაციის ასახვა მოხდება დეკლარაციის მთავარ გვერდზე 561-565 უჯრების გამოყენებით. 

 

 

დეკლარაციის მეორე გვერდი არის განახლებული დანართი „ა“, რომელიც 14 გრაფისგან შედგება. იგი მოიცავს ძველი დეკლარაციის განაცემთა იფორმაციას და ძველ დანართ „ა“-ს. ძველისგან განსხვავებით განახლებული დანართ „ა“-ში ჩაშლილად უნდა იქნეს შეტანილი ინფორმაცია თუ რომელ პირზე გაიცა თანხა. ამისთვის შექმნილია სპეციალური გრაფებიც - პირველი ექვსი გრაფა:

 

 

მომდევნო გრაფები ეხება თანხებს, სადაც ივსება ინფორმაცია განაცემების შესახებ.

 

სიმარტივისთვის განვიხილოთ მაგალითი:

 

ვთქვათ თანამშრომელზე ხელზე გასაცემი გასაცემი თანხაა 1000 ლარი, შესაბამისად გროსი გამოდის 1275.51 - რომელიც შეიცავს როგორც საშემოსავლო გადასახადს, ისე საპენსიო ანარიცხებსაც. ინფორმაციას ვავსებთ ასე:

 

სახე – ხელფასი

თანხა (ლარი) – 1275.51

შეღავათის ოდენობა - 1275.51*0.02=25.51  (კომპანიის მიერ გადასახდელი საპენსიო ანარიცხი)

წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი - 20

წყაროსთან დაკავებული გადასახადი (ლარი) - 1275.51*.98*0.2=250

 

დეკლარაციის დანართი „ა“-ს შევსების საფუძველზე ავტომატურად ივსება დეკლარაციის „ძირითადი ნაწილი“- მე-5 გვერდის შემდეგი გრაფები - მე-16, 17, 19, 39, 40, 44, 48, 52, 57, 58, 61, 65 და 66. რაც დამოკიდებულია იმაზე თანხა გაიცემა კომპანიის თანამშრომელზე, ფიზიკურ პირზე თუ არარეზიდენტ პირზე.

 

აქვე გეტყვით, რომ ბალანსში განახლებული დანართი "ა" უკვე გვაქვს და ზუსტად იმ სახით აგენერირებს ინფორმაციას, როგორი სახითაც განახლებულ დეკლარაციაში უნდა აიტვირთოს😉