თურმე როგორ იზრდება გაყიდვები - მაღაზიის პროგრამა თუ მარტივი ხრიკები?

ბიზნესის გზამკვლევი
03 თებერვალი,2020

თურმე როგორ იზრდება გაყიდვები - მაღაზიის პროგრამა თუ მარტივი ხრიკები?

თუ გინდათ სტრატეგია დავარქვათ, გინდათ ნეირო-მარკეტინგი, ჰიპნოზი ან რაც გაგახსენდებათ. მოკლედ, რითეილერებს 11 ხრიკი ჰქონიათ, რაც ჩვენ - მომხმარებლებს გვიბიძგებს, რომ უფრო მეტი ვიყიდოთ, ვიდრე ვაპირებდით 🤷‍♀

 

ეს არ არის რამე ახალი ტექნოლოგიური მიღწევა და ვთქვათ განსაკუთრებული პროგრამა მაღაზიისთვის. უბრალოდ პატარ-პატარა ხრიკებია 🙈

თუ მაღაზიის მფლობელი ხართ, ეს ბლოგი თქვენთვისაა და თუ არა... პრინციპში შეიძლება თქვენთვის კიდევ უფრო სასარგებლო იყოს:

 

1) სიყვარული ყველას უნდა

 

რითეილერებმა გადაწყვიტეს პროდუქტები წყვილ-წყვილად დაალაგონ. ლუდს ყიდულობ? იქვე გვერდით გაიხედავ და ჩიფსების თაროა ^_^ მოკლედ, ერთმანეთს რომ უხდებიან და შეეფერებიან ისეთი პროდუქტების ერთად დალაგება მომგებიანია, პირველი მეორეს ყიდის და პირიქით.

 

2) It all starts with eye contact baby

 

მწარმოებლები უფრო მეტ თანხას იხდიან იმისთვის რომ მათი პროდუქტები ჩვენი ხედვის სიმაღლეზე იყოს დალაგებული. ანუ რომ გაიხედავ ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის და ძებნის გარეშე, თვალში უნდა მოგხვდეს. თუმცა არ გეგონოთ რომ ქვედა თაროები ტყუილად ალაგია. არაფრის დიდებით! აქ ისეთი რამეები აწყვია, ბავშვის ხედვის არეში რომ მოხვდეს, მოუნდეს, ხელით წაეპოტინოს, მიწვდეს კიდეც და მერე უარის თქმა რომ ძნელია, ყველამ ვიცით.

 

3) რაც უფრო შორს ხარ... 

 

 ჩიფსების და ლუდის ურთიერთობის ამბავი კი გავიგეთ, მაგრამ არსებობს ისეთი პროდუქტები რომლებიც თავისთავად იყიდება - პური, რძე, ჩაი... მოკლედ ყოველდღიური სურსათი. რითეილერებმა აიღეს და ეს პროდუქტები გაფანტეს. პურს რომ იყიდით, სანამ რძემდე მიხვალთ იმდენ სხვა რამეს დაგახვედრებენ, რომ რძემდე მისულს შეიძლება შენი სიმაღლის თაროზე შემოდებული გოზინაყი გქონდეს „შემოყიდული“, გაგანია აგვისტოში.

 

4) ერთი ქულაც და გავდივართ

 

ჯერ ფერად-ფერად და ლამაზ სახელებიან დაგროვების ბარათებს გვიხსნიან. და ერთ დღესაც გადახდის დროს მოლარე გვეტყვის - ერთ კევსაც თუ დაამატებთ ააამოდენი ქულა გექნებათ და ააამოდენა საჩუქარს მიიღებთო. რაღას იზამ ადამიანი, დაამატებ კევს...

 

5) დაბნეული ბაჭია

 

2+2-ს კი დათვლი უცბად მაგრამ, 7.87 რომ ღირს ტყემალი და აწერია ერთს თუ იყიდი მეორეს 50% იანი ფასდაკლებით მიიღებო, აი მანდ დათვლა ძალიან გეზარება და ფიქრობ რომ „ჰმ მშვენიერი“ შემოთავაზებაა. სინამდვილეში მხოლოდ 25% დაგიკლეს და თან ორივე გაყიდინეს. თუ „ნურას უკაცრავად, ისედაც ორის ყიდვას აპირებდით“ მაშინ ყველა მოგებულია

 

6) Let the music play

 

თუ დააკვირდებით სუპერმარკეტებში ძირითადად ჩართულია წყნარი, ჰაეროვანი მუსიკა, რომელსაც კი არ უსმენ, თავისთავად ჩაგესმის. გადუნებს და სეირნობის ხასიათზე გაყენებს, რაც შეიძლება ნელა რომ იარო თაროებს შორის, მეტი პროდუქტი ათვალიერო და მეტიც გააყოლო ხელს.

 

7) მადა გემრიელ არომატებში მოდისო

 

სუპერმარკეტში ახალგამომცხვარი პურის თაროს რომ ჩაუვლი და არომატებს მოგაფრქვევს, იმ პურს ხომ უეჭველი იყიდი, თან მადასაც ხო აღგიძრავს, ამ პურთან მისაყოლებელ მილიონ კერძს ხომ წარმოგადგენინებს და რომელიმეს გასაკეთებლად ინგრედიენტებსაც გაყიდინებს იქვე.

 

8) თვალი ჭამს და თვალის სვამს

 

ერთ-ერთ ძალიან ცნობილი სუპერმარკეტების ქსელში, პროდუქტების ურიკების ზომა ორჯერ გაზარდეს. მეტი არაფერი... არც ფერი შეუცვლიათ,  არც ავტოპილოტზე გადაუყვანიათ, არც ლაპარაკი უსწავლებიათ. უბრალოდ ზომაში გაზარდეს. შედეგად, გაყიდვები გაიზარდა 19%-ით. ნახევრად სავსე ურიკით გასვლა აბა რა საკადრისია?!

 

9) გარეგნობამ არ მოგატყუოთ

 

წიგნზე რომ ყდით არ უნდა იმსჯელო, ეგრე ყოფილა სტაფილოც. ლამაზად შეფუთული გაწიკწიკებული ნახევარი კილო სტაფილო დაახლოებით 2-ჯერ მეტი ღირს ვიდრე იგივე წონის იგივე სტაფილო შეფუთვის გარეშე! (აქ წერტილის დასმა ნიშნავდა რომ ამ ფაქტს ვეგუებით ამიტომ ძახილის ნიშანი იყოს!)

 

10)  ...

 

ასეთ სამ წერტილს დაემსგავსებოდა ის უაზროდ დახარჯული დრო, რომელსაც სალაროსთან რიგში ვატარებთ, მაგრამ არა!! მაღაზიის მენეჯერები ჩვენზე ზრუნავენ და იქვე სალაროსთან ათას წვრილმანს აწყობენ, რომ ჩვენ გავერთოთ, ყურადღება მათზე გადავიტანოთ, დავინტერესდეთ, ავიღოთ ხელში, შევათვალიეროთ და უი ჩვენი რიგიცმოსულა ამასობაში და კი შემრჩა ხელში ეს შოკოლადი, საღეჭი რეზინი და დასაქოქი თაგვი (?!)

 

11) მივალ მივყვები

 

თუ დაკვირვებიხართ რაც უფრო ვიწროა ბილიკი, უფრო ზუსტად მივყვებით. ასე ყოფილა სუპერმარკეტებშიც. თაროები ქმნიან ვიწყო დერეფნებს, რომელებიც სხვა გზას აღარ გვიტოვებს და ინსტიქტურად ბოლომდე მიყვებით, მერე გადაუხვევ და ისევ ახალი „დერეფანი“ იწყება. დერეფნის დასაწყისში წესით პური უნდა იდოს და ბოლოში რძე 🤔 ისე დააკვირდებოდა ადამიანი...

 

აი ასე, თუ მაღაზიაში გაყიდვების გაზრდა გინდათ ჯერ რა თქმა უნდა კარგი ადგილი მოძებნეთ, თქვენს ბიზნესზე ინფორმაციის ზუსტად და სწრაფად მისაღებად სწორი საბუღალტრო პროგრამა და/ან მაღაზიის პროგრამა აარჩიეთ, დახლები ხარისხიანი პროდუქტებით შეავსეთ, მაგრამ მათი სწორად დალაგებაც ნუ დაგავიწყდებათ.

თუ მაღაზიის გახსნას არ აპირებთ, ამ ყველაფრისგან თავის დასაცავად ერთი მეთოდი ჩამოწერილი სია და მისი მკაცრად მიყოლაა, მეორეც იქნება ალბათ მაგრამ ჯერ ვერ მოვიფიქრეთ და მოგვაწეთ კომენტარებში 🙃